„თბილისი პრაიდი“ პარტიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება
„თბილისი პრაიდისა“ და პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს შორის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც სპეციალურ მემორანდუმზე მსჯელობენ. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრება.
„თბილისი პრაიდმა“ შეიმუშავა სპეციალური მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერს 15 პოლიტიკური პარტია.
მემორანდუმის მიხედვით, სწორედ პარტიებმა უნდა უზრუნველყონ თანასწორობა, განურჩევლად გენდერისა და სექსუალური ორიენტაციისა.
„წელს ვიმუშავეთ პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკურ შეთანხმებას შემოუერთდა 15 პოლიტიკური პარტია. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება არის სიმბოლური, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ მოხდეს გააზრება ჰომოფობიის პრობლემის პოლიტიკურ ველზე და პარტიებმა მეტი გააკეთონ თანასწორობის მისაღწევად. ეს მემორანდუმი სიმბოლური ხასიათისაა, მას არ აქვს საკანონმდებლო ძალა. ამ დოკუმენტში საუბარია, რომ ხელმომწერი პარტიები გააკეთებენ ყველაფერს, რათა თანასწორობას მივაღწიოთ, მხარს დაუჭერენ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობისა, სიძულვილის ენას არ გამოიყენებენ თავიანთ საქმიანობაში. სამწუხაროდ, ჯერ „ქართული ოცნება“ არ შემოგვიერთდა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი შეიცვლიან პოზიციას“, – განაცხადა შეხვედრის ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა.
17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინაამღდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება.