„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ამ წუთებში „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება მიმდინარეობს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები იმ ადგილამდე მისვლას ცდილობდნენ, სადაც „თბილისი პრაიდის“ მხრიდან ფილმის ჩვენება იყო დაგეგმილი.
პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებაზე დასასწრებად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მივიდნენ.
ადგილზე სამართალდამცველებს გაკეთებული აქვთ სპეციალური კორიდორი, რათა ღონისძიების მონაწილეებს შესვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნათ.