„თბილისი პრაიდის“ გუნდმა შსს-სთან „ღირსების მარშის” საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
„თბილისი პრაიდის“ გუნდმა 22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო არსებულ რისკებს, უსაფრთხოების საკითხებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებს, რომელიც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის” ორგანიზებასთან არის დაკავშირებული.
„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებმა განცხადეს, რომ სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და დაცული იყოს თითოეული გამომსვლელის უსაფრთხოება. ამასთან ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე თბილისი პრაიდის გუნდმა შსს-ს წარუდგინა მსვლელობის მარშრუტის ორი ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად სავარაუდოდ მაისში გასაჯაროვდება.
„უნდა აღინიშნოს, რომ პრაიდის კვირეულის დაგეგმვა ჩვენმა გუნდმა სწორედ უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით დაიწყო. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ “ღირსების მარშის” ორგანიზება უაღრესად ჰომოფობიურ გარემოში გვიწევს და ვითვალისწინებთ აღნიშნულ გარემოებას. თუმცა ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების იმედი და პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის მოლოდინი გვაქვს. ჩვენი მიზანია რომ გაიზარდოს მიმღებლობა საქართველოში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ უფლებრივი თანასწორობისკენ. ამის მისაღწევად კი გვერდში დგომა და ერთიანობა გვჭირდება. საზოგადოებაში არსებული სიძულვილი და აგრესია არ არის მხოლოდ ლგბტქი ადამიანების პრობლემა. ჩვენ გვჯერა რომ თანასწორუფლებიანობა დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარია და ამ რთული გზის გავლა მხოლოდ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.