„თბილისი პრაიდი“ შსს-ს მიმართავს, მათ ოფისზე თავდასხმები გამოიძიოს
„თბილისი პრაიდი“ შსს-ს მიმართავს, მათ ოფისზე თავდასხმები გამოიძიოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ შსს-ს მიმართავს, მათ ოფისზე თავდასხმები გამოიძიოს. შესაბამისი ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

„ბოლო რამდენიმე თვეა, „თბილისი პრაიდის“ ოფისი რელიგიური და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ინტენსიური თავდასხმების სამიზნეა. თავდასხმები 17 მაისის შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ონლაინ-აქცია ჩავატარეთ და ოფისის აივნიდან, საქართველოს 100-მდე სხვა მოქალაქის მსგავსად, სიმბოლურად ცისარტყელას დროშა გადმოვფინეთ“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციაში.

რაც შეეხება მოვლენების ქრონოლოგიას, „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, 23 მაისიდან ულტრამემარჯვენე ჯგუფების წევრებმა პრაიდის ოფისთან შეკრება დაიწყეს, ისინი დროშის ჩამოხსნას ცდილობდნენ.

„25 მაისს მათ დროშა მოიპარეს, რის შემდეგაც ახალი დროშა დავკიდეთ. პირველი ივნისიდან, როცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა და ოფისში მუშაობა განვაახლეთ, ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ოფისის წინ რეგულარული შეკრებები დაიწყეს. მათ ხელში ჰომოფობიური სიძულვილის ენის შემცველი ბანერები ეჭირათ, ასევე, ხშირად ყვიროდნენ და პრაიდის აქტივისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. 7 ივნისს რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა აივნიდან გადმოკიდულ ცისარტყელას დროშას და შენობას შავი საღებავები შეასხეს. ივნისის განმავლობაში ოფისის წინ შეკრებები და შეურაცხმყოფელი დემონსტრაცია რეგულარულად, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდებოდა. შეკრებებს ათამდე ადამიანი ესწრებოდა. 2 ივლისს ულტრამემარჯვენე და რელიგიური ჯგუფების მიერ ორგანიზებული შედარებით დიდი აქცია გაიმართა. აქციას 50-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, სასულიერო პირები, რომლებმაც ლოცვები წაიკითხეს და ოფისთან, ქუჩაში ნაკურთხი წყალი ასხურეს. აქციის მონაწილეები პრაიდის აქტივისტებს გადაწვით დაემუქრნენ: „ბენზინს გადავასხამთ და ყველას ერთად ამოვბუგავთ“. 21 ივლისს ამოუცნობმა პირებმა ოფისის ქუჩის შესასვლელს კვერცხები ესროლეს. 21 ივლისიდან დღემდე (26 აგვისტო) კვერცხების სროლა თითქმის ყოველდღე მეორდება.

აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც დანაშაულად კვალიფიცირდება (დროშის მოპარვა, დროშის და შენობის დაზიანება, კვერცხების სროლა) არაერთხელ მივმართეთ პოლიციას. მიმდინარე გამოძიებები ჯერჯერობით უშედეგო აღმოჩნდა. აშკარაა, რომ აღნიშნული მოვლენები წარმოადგენს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გამოვლინებას. გარდა სიძულვილის გამოხატვისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა, მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები, და განსაკუთრებით, დროშასთან დაკავშირებული ინციდენტები არის თავდასხმა ჩვენს გამოხატვის თავისუფლებასა და უფლებადაცვით საქმიანობაზე. ჩვენთვის, როგორც ქვიარ მოქალაქეებისთვის, ცისარტყელის დროშის გამოყენება თვითგამოხატვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა. გარდა ამისა, ისეთი მოვლენები, როგორიცაა ჰომოფობიური ბანერები, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რელიგიური აქციის ჩატარება და კვერცხების სროლა წარმოადგენს ჩვენი, პრაიდის აქტივისტების მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამ აგრესიული, ძალადობრივი აქტით, კანონდამრღვევები არა მხოლოდ სტრესის ქვეშ გვამყოფებენ ორგანიზაციის თანამშრომლებს, ხელს გვიშლიან მუშაობაში, არამედ აღრმავებენ ჩვენ მიმართ და ზოგადად ლგბტქ თემის მიმართ არსებულ ზიზღს, სტიგმას, ახალისებენ სხვებს ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო აქტების ჩადენისკენ. თვეების განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართული ძალადობა და შეურაცხყოფა აქტივისტებს სტრესულ გარემოში გვამყოფებს და პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის მშვიდი, უსაფრთხო სამუშაო სივრცისა და გარემოს შენარჩუნებას.

ზემოაღწერილიდან გამომდინარე, ცხადია, რომ „თბილისი პრაიდი“, და მისი აქტივისტები ვართ დაზარალებული პირები, რომელთა მიმართ ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულები, როგორიც არის: თანასწორუფლებიანობის დარღვევა, ძალადობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობისთვის ხელშეშლა, დევნა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„თბილისი პრაიდი“  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტები და პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი სანქციები დააკისროს.

ასევე, მიმართავენ საქართველოს სახალხო დამცველს და პარტნიორ ორგანიზაციებს, თვალი მიადევნონ აღნიშნულ მოვლენებს და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება და გამოხმაურება.