„თბილისი პრაიდი“ დროებით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა გაავრცელეს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, „თბილისი პრაიდის“ გადადების მიზეზი რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესები გახდა.
„რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესებისა და არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდის“ გუნდმა გადავწყვიტეთ, რამდენიმე დღით გადავდოთ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში. მსვლელობაში მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება და ღონისძიების ახალ თარიღს რეგისტრირებულ ადამიანებს ვითარების განმუხტვის შემდეგ გავაცნობთ.
შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ გუნდი გასული რვა თვის განმავლობაში ემზადებოდა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ და პროფესიონალურად ორგანიზებისთვის. „თბილისი პრაიდი“ წარმატებით დაიწყო და კვირეულის ფარგლებში აქამდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება ექსცესების გარეშე დასრულდა. თუმცა, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ვერ მივცემთ ჩვენ თავს უფლებას, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალირებას. არ მივცემთ პრორუსულ, ნეოფაშისტურ ჯგუფებს შესაძლებლობას შეასუსტონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვიჩენთ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ვმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია განცხადებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროის განმავლობაში მთავრობასთან მიმდინარეობდა კონსულტაციები რიგ პოლიტიკის საკითხებზე, რომელსაც გავაგრძელებთ იმისათვის, რომ ლგბტქი თემის მდგომარეობა იყოს განხილული უწყებათაშორის ფორმატში და უახლოეს მომავალში თემის უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. კონკრეტულად კი, შემდეგი მიმართულებით: მოხდეს გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცედურების გამარტივება, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის – ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობას; შეიქმნას სახელმწიფო თავშესაფარი ლგბტქი ადამიანებისათვის; პრემიერ მინისტრის კაბინეტში შეიქმნას ახალი პოზიცია, რომელიც ინტერსექციულად იმუშავებს სხვადასხვა ინსტიტუციებთან ლგბტქი ადამიანების თანასწორობის საკითხებზე; ლგბტქი ადამიანთა უფლებების დაცვის მიზნები და ამოცანები გაიწეროს შესაბამის სამთავრობო სამოქმედო სტრატეგიებსა და გეგმებში.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვეების განმავლობაში ჩვენ გუნდს არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია: ცდილობდნენ ჩვენ დაშინებას, გვივარდებოდნენ პირად სივრცეებში, გვამყოფებდნენ ალყაში, გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, საფრთხეში აღმოჩნდნენ ის ლგბტქი ადამიანებიც, ვისაც არ ჰქონდა პირდაპირი შეხება „თბილისი პრაიდთან“. აღნიშნულ პროცესში შესამჩნევი იყო სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნებისა და ეფექტურობის ნაკლებობა, რამაც უკანასკნელ დღეებში სიტუაციის ესკალირება განაპირობა. სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ სახელმწიფო მზადაა უმოწყალოდ დაარბიოს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სამართლიანად გამოსული მოსახლეობა, მაგრამ არ სურს რუსული ფულით დაფინანსებული რადიკალური ჯგუფებისაგან დაიცვას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები და მათი მხარდამჭერები.
გვინდა მადლობა ვუთხრათ იმ ათასამდე ადამიანს ვინც უკვე დარეგისტრირდა ღირსების მარშზე მონაწილეობის მისაღებად! თემის წევრებს და მხარდამჭერებს, რომლებიც ამ მძიმე დღეების განმავლობაში გვამხვნევებდნენ და გვერდში გვედგნენ! და გვინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ჩვენ საერთაშორისო მხარდამჭერებს და აქტივისტებს მთელი მსოფლიოდან! მადლობა სოლიდარობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.