თბილისი-კიევის ავიარეისის მგზავრები თვითმფრინავის გაუმართაობის გამო სხვადასხვა რეისებზე ნაწილდებიან
თბილისი-კიევის ავიარეისის მგზავრები „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის გაუმართაობის გამო სხვადასხვა რეისებზე ნაწილდებიან.
როგორც თბილისის აეროპორტიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ავიარეისი ოფიციალურად არ გაუქმებულა. საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ რეისი ტექნიკური შემოწმების გამო იგვიანებს.
ოფიციალური კომენტარი კომპანიისგან ამ დრომდე არ გაკეთებულა. თუმცა, როგორც მგზავრები საუბრობენ, მათ განუმარტეს, რომ აღნიშნულ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მათ დანიშნულების ადგილზე სხვადასხვა რეისით გამგზავრებას სთავაზობენ.
„უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. სავარაუდოდ ავარიული დაშვების მიზეზი სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა გახდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამაშველო ჯგუფი მობილიზებული იყო, თუმცა „უკრაინის ავიახაზების“კუთვნილ თვითმფრინავზე მყოფ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს სამაშველო სამსახურის დახმარება არ დასჭირვებიათ.