თბილისი ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის საერთაშორისო მედიატურნირს უმასპინძლებს #1TVSPORT
19-20 ოქტომბერს თბილისი ლეგენდარული სპორტული კომენტატორის, მწვრთნელისა და საზოგადო მოღვაწის, ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის თბილისის საერთაშორისო მედიატურნირს უმასპინძლებს 3×3-ზე კალათბურთში – ინფორმაციას ტურნირის ორგანიზატორი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიხეილ აბაიშვილი ავრცელებს.
„საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დაფუძნდა ლეგენდარული სპორტული კომენტატორის, მწვრთნელისა და საზოგადო მოღვაწის, ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის თბილისის საერთაშორისო მედიათასი 3×3-ზე კალათბურთში, რომლის პირველი ტურნირი 19-20 ოქტომბერს გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მედიაკომპანიების თანამშრომელთა მიერ დაკომპლექტებული გუნდები. საორგანიზაციო კომიტეტის სახელით გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ ღონისძიებაში, რომელიც 2025 წლიდან მიიღებს „3×3-ზე კალათბურთის მედია ლიგის“ ფორმატს, გაშუქების ფართო მასშტაბითა და სოლიდური საპრიზო ფონდით.
ტურნირში მონაწილეობა უფასოა, საპრიზო ფონდი განსაზღვრულია 3000 ლარით, გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო მოთამაშეები დაჯილდოვდებიან ტურნირის სპონსორებისა და პარტნიორების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებითა და საჩუქრებით.
გელით და იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის საერთაშორისო მედიათასი ღირსეულ პატივს მიაგებს ბატონი ჯამლეტის ხსოვნას“, – აღნიშნულია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, მიხეილ აბაიშვილის განცხადებაში.