„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით, თბილისი IUSY-ს „მშვიდობის კომიტეტის“ დელეგაციას მასპინძლობს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით, თბილისი IUSY-ს „მშვიდობის კომიტეტის“ დელეგაციას მასპინძლობს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით, 20-23 სექტემბერს თბილისი ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) „მშვიდობის კომიტეტის“ (PTN) დელეგაციას მასპინძლობს.

IUSY-ის ოფიციალური დელეგაცია საქართველოში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მოიწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საერთაშორისო გაერთიანების გენერალური მდივანი, გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები და საერთაშორისო მკვლევარები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია და პანელური დისკუსიები, რომლის შემდეგაც მშვიდობის კომიტეტი ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებს.

სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო დელეგაცია თბილისს დღეს ეწვია. დელეგაციას IUSY-ს გენერალური მდივანი ბრუნო გონსალვესი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან და საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.

მშვიდობის კომიტეტის შექმნის იდეით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველად 2017 წელს, ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) შავი ზღვის კომიტეტზე (BSAC) გამოვიდა. ასევე, ეს იდეა 2019 წელს თბილისში IUSY-ის პრეზიდიუმისა და BSAC-ის კომიტეტზეც დაფიქსირდა.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის, როგორც IUSY-ს სრულუფლებიანი წევრის ინიციატივით, IUSY-ს მსოფლიო კონგრესმა „მშვიდობის კომიტეტი“ (PTN) 2021 წელს დააფუძნა. კომიტეტი მუშაობას შეუდგა გაერო-ს მიერ აღიარებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის დიალოგის გაღრმავების კუთხით. აღსანიშნავია, რომ IUSY მსოფლიოს უმსხვილესი ახალგაზრდული პოლიტიკური გაერთიანებაა და მასში 200-ზე მეტი ორგანიზაციაა გაწევრიანებული.