„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ვაზისუბნის მოსახლეობა გაზის შეწყვეტის შესახებ გაფრთხილებული იყო და გაზმომარაგების აღდგენაც ტექნიკური ნორმების სრული დაცვით მოხდა
„თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის, ირაკლი დეკანოიძის განცხადებით, ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებს ამ დროისთვის ბინა არ დაუთვალიერებიათ.
„ჯერჯერობით ჩვენ ვერ მოვახერხეთ ბინაში შესვლა. დაცულია ტერიტორია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არ გვაქვს დაათვალიერებული ფართი“, – აღნიშნა ირაკლი დეკანოიძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობა შესაბამისი წესის მიხედვით გაფრთხილებული იყო გაზის შეწყვეტისა და გაზმომარაგების აღდგენის შესახებ.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გეგმური სამუშაო. გაფრთხილებული იყო მოსახლეობა დადგენილი წესის შესაბამისად. გაზმომარაგების აღდგენაც მოხდა ტექნიკური ნორმების, ანუ უსაფრთხოების წესების სრული დაცვით და გათვალისწინებით. მოსახლეობას შეტყობინება ჰქონდა მიღებული. გეგმური სამუშაო, ქსელის რეკონსტრუქცია მიდიოდა და მოსახლეობა დადგენილი წესის შესაბამისად იყო ინფორმირებული“, – განაცხადა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა, ირაკლი დეკანოიძემ.
ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, რასაც ხანძარი მოჰყვა. ხანძარმა კიდევ რამდენიმე ბინა დააზიანა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.