„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ მისამართზე, სადაც აფეთქება მოხდა, კუსტარულად წყალგამაცხელებლის დამონტაჟების ფაქტი იყო დაფიქსირებული
„თბილისი ენერჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია მიქიაშვილის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე, მისამართზე, სადაც გამთენიისას ძლიერი აფეთქება მოხდა, კომპანიის თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული იყო კუსტარულად წყალგამაცხელებლის დამონტაჟების ფაქტი.
„პირდაპირი ეთერის მეშვეობით, კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო აბონენეტებს, რომ აუცილებლად ჩაჭრან კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილი იქნა „თბილისი ენერჯის“ ჯგუფის შემოწმების მიერ, კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და კონკრეტულად აბონენტს მიეთითა, რომ სიცოცხლისთვის საშიშია აღნიშნული წყალგამაცხელებელი“, – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.
მისივე თქმით, აბონენტისგან, სადაც დღეს აფეთქება მოხდა, გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის ან რაიმე ტიპის გაუმართაობის შესახებ „თბილისი ენერჯიში“ ინფორმაცია არ შესულა.
„რაც შეეხება აღნიშნულ მისამართს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შემოწმდა ბოლო რამდენიმე თვეში „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები, აღნიშნული მისამართიდან გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის ან რაიმე ტიპის გაუმართაობის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. შესაბამისად, მიზეზებზე საუბარი შეგვეძლება, რამდენიმე დღეში, როდესაც სპეციალისტები და საგამოძიებო უწყება დაასრულებს მიზეზის დადგენას“, – განაცხადა მიქიაშვილმა.
კითხვაზე, გამოიწვია თუ არა აფეთქება კუსტარულად დამზადებულმა წყალგამაცხელებლმა, ნათია მიქიაშვილმა უპასუხა, რომ კომპანია აუცილებლად გაავრცელებს, ფოტომასალას, რომელიც დაადასტურებს, აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილია კუსტარულად დამზადებული წყლის გამაცხელებელი, ხოლო აფეთქების მიზეზს გამოძიება დაადგენს.
„აუცილებლად გავავრცელებთ ფოტო მასალას, რომ აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილია კუსტარულად დამზადებული წყლის გამაცხელებელი და მითითებულია ჩვენი თანამშრომლის მიერ, რომ არ შეიძლება ამ წყალგამაცხელებლის ჩართვა, რადგან ის არის სიცოცხლისთვის საშიში“, – განაცხადა მიქიაშვილმა.
მისივე განმარტებით, „თბილისი ენერჯი“ წელიწადში ერთხელ ატარებს გეგმიურ შემოწმებას და ყოველწლიურად, ყველა მისამართზე მეორდება ასეთი ტიპის შემოწმება.
„ამასთან ერთად, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ნებისმიერი აბონენტი, რომელიც დარეკავს და მოითხოვს „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე და მოითხოვს შემოწმდეს მის საცხოვრებელ ფართში არსებული გაზდანადგარები და გაზის ქსელის გამართულობა, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ხდება აღნიშნულში შემოწმება და ამის შემდეგ გაიცემა საბუთი უსაფრთხოა თუ არა აღნიშნული გაზდანადგარი. მოგეხსენებათ, შემთხვევების 99 % ხდება დაქირავებულ, ან დაგირავებულ ბინებში და ყველა მოქალაქეს გვინდა, მივმართოთ, რომ ბინის ქირაობის ან გირაობის შემთხვევაში, გაქვთ უფლება მოსთხოვოთ ბინის მფლობელს „თბილისი ენერჯის“ მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს რომ კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში გაზდანადგარებისა და გაზის ქსელის უსაფრთხოებას“, – განაცხადა მიქიაშვილმა.
ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია დაშავებული.