17-20 დეკემბერს, თბილისში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2019 – საქართველო – ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საერთო ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებისთვის”.
კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
კონფერენციაზე შეაფასებენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს 2019 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს განვლილი წლის საქმიანობას და წარმოადგენენ მომავალი წლის სამოქმედო გეგმას და ახალ ინიციატივებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განხილულ იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო პოლიტიკის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თავდაცვას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ განვითარებას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას, დიასპორასთან ურთიერთობას და სტრატეგიულ კომუნიკაციებს.
კონფერენციის ფარგლებში ცალკე სამუშაო სესია დაეთმობა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და საქართველოს პრიორიტეტებს.
ამბასადორიალი 20 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის პრესკონფერენციით დასრულდება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.