თბილისი გამოცემა The Space-ისა და CNN-ის ობიექტივში მოხვდა. საქართველოს დედაქალაქი 2018 წლის შვიდ გამორჩეულ ქალაქს შორის ერთ-ერთ ადგილს იკავებს.
როგორც The Space-ში ვკითხულობთ, 2017 წელი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენებით იყო დატვირთული და შესაბამისად, გლობალური ტენდეციების გამოკვეთა ვერ მოხერხდა. გამოცემის თქმით, არც 2018 წელი იქნება ამ მხრივ მეტად გამორჩეული, თუმცა მათ 2018 წლის 8 გამორჩეული ქალაქის ჩამონათვალი შემოგვთავაზეს, რომელიც წელს უნდა მოინახულოთ.
სტატია The Space-ის გარდა CNN-ზეც გამოქვეყნდა, სადაც თბილისი შემდეგი ეპიტეთებით არის მოხსენიებული: “ჰოლივუდი, ჰიპსტერული ცხელი წერილი”.
“ბოლო 18 თვის განმავლობაში თბილისში რაღაც განსაკუთრებული მოხდა, რამაც მას “ლისაბონი 2018″-ის ტიტული მოაპოვებინა. მარტივია თბილისი ახალი დანიშნულების ადგილად დაინახო. ქალაქი ნელ-ნელა მსოფლიოს წამყვან ჰაბად იქცა: მოდის, ხელოვნებისა და შემოქმედებისთვის. თბილისს ახლად არჩეული მერი ჰყავს – ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე. ქალაქის ბიუჯეტი კი, მომავალ წელს 334 მლნ დოლარი იქნება. ქალაქის პრიორიტეტი – ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაა”, – ვკითხულობთ CNN-სა და The Space-ზე.
გამოცემების ინფორმაციით, თბილისი ცნობილია: მერსედესის მოდის კვირეულით, ტექნო-მუსიკითა და ღვინით. სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისს ცნობილი რეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ლინჩიც ეწვია და კინო ინსტიტუტის გახსნასთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა.
2018 წლის 7 საუკეთესო ქალაქს შორის ასევე მოხვდა: ტორონტო, მასკატი, დანდი, პარიზი, ტოკიო და სან მიგელ დე ალიენდე.