თბილისელები მერიის სერვისებს თავიანთ რაიონებში შექმნილ სპეციალურ სერვისცენტრებში მიიღებენ
თბილისის მერია მომდევნო კვირიდან ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებში მოქალაქეები თბილისის მერიის სერვისების მიღებას სპეციალურ სერვისცენტრებში შეძლებენ, რომელიც დედაქალაქის ათივე რაიონში გაიხსნება.
ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.
„ორშაბათიდან ვიწყებთ ახალი პროექტის განხორციელებას. ქალაქის ათივე რაიონში შეიქმნება სპეციალური სერვისცენტრები, სადაც ადამიანებს, დღეს რომ ყველას მერიაში უწევთ მოსვლა, ამის საჭიროება აღარ იქნება და თავიან რაიონებში ექნებათ შესაძლებლობა, მივიდნენ სერვისცენტრებში და მიიღონ ყველა მომსახურება, რაც მერიაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, უკვე გავლილია შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, დასრულებულია პროექტირება და დიზაინის მომზადება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავიწყებთ ორშაბათიდან რვა სერვისცენტრში და წლის ბოლომდე დასრულდება. ანუ წლის ბოლოსთვის უკვე ათივე რაიონში გვექნება გამართული ცენტრები. მაგალითად, გლდანის რაიონში მცხოვრებ ადამიანს არ მოუწევს მერიაში მოსვლა. ის მივა თავის რაიონში და მიიღებს ყველანაირ სერვისს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, ადამიანებს ცხოვრებას გავუადვილებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.