„თბილავიამშენის“ 100-მდე თანამშრომელი ხელფასების დროულად მიღების მოთხოვნით მეოთხე დღეა, გაფიცულია
„თბილავიამშენის“ 100-მდე თანამშრომელი ხელფასების დროულად მიღების მოთხოვნით მეოთხე დღეა გაფიცულია. ისინი „თბილავიამშენის“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, ხელფასების დაგვიანების მიზეზად „თბილავიამშენში“ კონტრაქტორი კომპანიის მიერ თანხის ჩარიცხვის დაგვიანებას ასახელებენ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე და „თბილავიამშენის“ ინჟინერი ჯუმბერ თათოშვილი აცხადებს, თანამშრომლები არ შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„უკვე რამდენიმე თვეა, დაახლოებით ივნისი-ივლისის შემდეგ ყოველთვე აგვიანებს ხელფასი. მიზეზი არის ერთი და იგივე, კონტრაქტორმა კომპანიამ არ ჩარიცხა თანხა. მე ჩემს საქმეს ვასრულებ და ვითხოვ იმას, რაც მეკუთვნის. ყველას ოჯახი ჰყავს, ყველას ვალი აქვს. მენეჯმენტის ვალდებულებაა მოიძიოს სხვა საშუალება, მოიძიონ თანხა და გადაგვიხადონ ხელფასები. არც ერთი ჩვენი თანამშრომელი მუშაობას არ აგრძელებს“, – განაცხადა თათოშვილმა.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობა პროფკავშირების წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს. მათი თქმით, თანამშრომლების მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური, ხოლო უახლოეს დღეებში ისინი თანამშრომლების სახელზე კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.