თბილისის მერიის მიერ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიების გამო 15 იანვარს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გავლით.
გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით მოძრაობა შეიზღუდება.
ლადო ასათიანის ქუჩიდან ტრანსპორტი დადიანის ქუჩით თავისუფლების მოედანს ვეღარ დაუკავშირდება და იმოძრავებს თუმანიანის ქუჩის მიმართულებით.
ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.
დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები პუშკინის ქუჩიდან გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდეგ კვლავ ბარათაშვილის ხიდისკენ მობრუნდებიან და გაივლიან მარჯვენა სანაპიროს, ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩებს. ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კერძო ტრანსპორტის მსგავსად, გაივლის ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს.
კოტე აფხაზის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩაზე ევროპის მოედნის, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით მოხვდებიან. მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირს თაბუკაშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან, ხოლო კოჯრის გზატკეცილის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებად ამაღლების ქუჩა N11 განისაზღვრება.