თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიებისთვის ემზადებიან

„ქართული ოცნება“ დღეს თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 19:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველს სიტყვით მიმართავენ.

ოფიციალური გამოსვლების დაწყებამდე მუსიკოსები თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მუსიკალურ ნომრებს შესთავაზებენ.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდება.

„წინასაარჩევნო კამპანიამ ჩვენი მხრიდან ჩაიარა ძალიან მაღალი სტანდარტით, შევხვდით, ფაქტობრივად, მთელი საქართველოს მოსახლეობას. დღეს გვაქვს უკვე დასკვნითი ღონისძიება, სადაც ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს. ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქეები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იაზრებს, რომ „ქართული ოცნება“ არის მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.

საარჩევნო ღონისძიებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან. ამავდროულად, მოტოციკლეტებითა და სკუტერებით მიმდინარეობს მსვლელობა დედაქალაქის მასშტაბით. მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, გამოხატონ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ და ყველას მოუწოდონ, გააკეთონ სწორი არჩევანი.