თავისუფლების მოედანზე 26 მაისისთვის ემზადებიან [ფოტო]
თავისუფლების მოედანზე 26 მაისისთვის ემზადებიან [ფოტო]

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებასთან დაკავშირებით ემზადებიან.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება ფიცის დადების ცერემონიალი. როგორც თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა აღნიშნა, ხვალ ფიცს დადებს 247 რეკრუტი. თბილისის გარდა, წვევამდელები ფიცს დადებენ ხუთ რეგიონში.

„მინდა, წინასწარ მივულოცო საქართველოს 26 მაისი. განსაკუთრებით თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას, რადგან თავდაცვის ძალები სწორედ ის დანაყოფია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ხვალ, საზეიმო ვითარებაში ფიცს დადებს 247 რეკრუტი. პანდემიის გამო, წელს ძალიან მოკრძალებულად გაიმართება 26 მაისის ღონისძიება. ღონისძიება დაიხურება „სუ-25“-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით“, – განაცხადა გიორგი გოგოჭურმა.

ამასთან, ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ ქვეყნის პირველი პირები. ღონისძიებას დაესწრება პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა.

ღონისძიების შემდეგ, სამხედრო პატივით დაკრძალავენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს.

დღის ბოლოს კი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გალა-კონცერტი გაიმართება.

1991 წლიდან მოყოლებული, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.