ბათუმში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ორგანიზებით გამართულ აქციაზე გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს
თბილისში მიმდინარე „თავისუფლების მარშს” ბათუმში მესამე სექტორისა და ახალგაზრდების ნაწილიც შეუერთდა. მსვლელობა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა.
შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.
„ეს არის მშვიდობიანი მსვლელობა, სოლიდარობა თბილისში გამართულ თავისუფლების მარშზე. მთავარი მოთხოვნაა – გადადგეს გახარია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს თავზე იმ პირმა, ვინც პასუხისმგებელია იმ სისხლიან ღამეზე, რასაც ადგილი ჰქონდა რუსთაველზე”, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის კოორდინატორმა, მალხაზ ჭკადუამ.
ევროპის მოედანზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც, თუმცა მსვლელობის მონაწილეთა ტრანსფარანტმა, წარწერით „სისხლიანი 9+7 წელი” მათი უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამის გამო, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მსვლელობას აღარ შეუერთდნენ.
აქციამ ევროპის მოედნიდან მსვლელობით გმირთა სასაფლაოზე გადაინაცვლა.