თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ხვალ ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ
რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი – ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ.
ბექა ლომთაძემ აშკარა უპირატესობით – 0:12 დაამარცხა აზერბაიჯანელი ფალავანი ხასან-ზადე და ნაკრების წევრთა შორის პირველი ფალავანი გახდა, ვინც ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი მოიპოვა.
ლომთაძის მსგავსად, აშკარა უპირატესობით – 10:0 მოუგო გენო პეტრიაშვილმა პოლონელ მეტოქეს და ფინალში თურქ ოლიმპიურ ჩემპიონს, ტაჰა აკგულის დაუპირისპირდება, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ დრამატულ შეხვედრაში სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) 1/2 ფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ გოსტიევთან დათმო და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის თვის იჭიდავებს.
ფინალში გასასვლელად იბრძოდა ირაკლი მწითურიც (92 კგ), რომელიც რუსების ოლიმპიურ ჩემპიონს, აბდულრაშიდ სადულაევს შეხვდა, დამარცხდა და ამინაშვილის მსგავსად ისიც ბრინჯაოს მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი ხვალ 19:00 საათიდან დაიწყება.