თავებით შეზრდილი სიამის ტყუპები ბრაზილიაში წარმატებით გააცალკევეს — #1tvმეცნიერება
33-საათიანი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ბრაზილიაში წარმატებით გააცალკევეს სიამის ტყუპები, რომლებიც ერთმანეთთან თავის ტვინით იყვნენ შეზრდილი.
სამი წლის ბიჭებს, ბერნარდო და არტურ ლიმებს რიო-დე-ჟანეიროში, ბრიტანელი ქირურგის ზედამხედველობის ქვეშ შვიდი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს. ბოლო ორ ოპერაციას 33 საათი დასჭირდა და მასში სამედიცინო პერსონალის ასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
რეალური პროცედურების დაწყებამდე, ვირტუალური რეალობის დახმარებით, ქირურგები თვეების განმავლობაში სწავლობდნენ მეთოდებს, რომლებიც ოპერაციებში უნდა გამოეყენებინათ.
ჯგუფის ხელმძღვანელი, ლონდონის გრით ორმონდ სტრიტის ჰოსპიტლის პედიატრიული ქირურგი ნურ ულ ოვასი ჯილანი ოპერაციას მედიკოსთა „გამორჩეულ მიღწევას“ უწოდებს, რომელიც შემოწირულობების საფუძველზე არსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია Gemini Untwined-ის შემწეობით მოხერხდა.
„ბერნარდოსა და არტურის განცალკევება რიოელ მედიკოსთა ჯგუფის გამორეული მიღწევაა და ფანტასტიკური მაგალითი იმისა, რატომ არის Gemini Untwined-ის საქმიანობა ასე ღირებული“, — ამბობს ქირურგი.
ბიჭების ბრაზილიის შორეული რეგიონიდან არიან და მშობლებმა ისინი რიოში 2,5 წლის წინ ჩაიყვანეს.
მათი ერთმანეთისგან გათავისუფლება განცალკევების ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცედურა იყო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. მრავალი ქირურგი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.
გარდა ამისა, ბიჭები მალე ოთხი წლის გახდებიან და ყველაზე ასაკოვანი კარნიოფაგუსი (თავებით შეზრდილი) ტყუპები არიან, რომლებიც ქირურგებს ოდესმე გაუცალკევებიათ.
ორივე ბავშვი თავს კარგად გრძნობს და ექვსთვიანი რეაბილიტაციის პროცესს საავადმყოფოში გადის.
Gemini Untwined-ის მონაცემებით, ყოველი 60 000 დაბადებულიდან ერთი სიამის ტყუპია, მათი ხუთი პროცენტი კი ერთმანეთთან თავებით არის შეზრდილი.
სიამის ტყუპების დაბადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და აფრიკაშია. მათი ნახევარი მკვდრადშობილია, ერთი მესამედი კი დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში იღუპება. გადარჩენილთა უმეტესობა გოგონაა, 3:1 პროპორციით.
სიამის ტყუპების ჩამოყალიბების შესახებ, მეცნიერებს შორის ორი ძირითადი თეორია არსებობს, რომელთაგან, სამეცნიერო საზოგადოებაში სერიოზულად უკვე მხოლოდ ერთს განიხილავენ. ამ თეორიის მიხედვით, იდენტური ტყუპების ჩამოყალიბების პროცესში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ბოლომდე არ იყოფა. თუკი ზიგოტის გაყოფა ემბრიონული დისკოს ჩამოყალიბებიდან ორი კვირის შემდეგ ხდება, სრულდება სიამის ტყუპების ჩამოყალიბებით.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.