თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულმა მხარემ საერთაშორისო დელეგაციებს უმასპინძლა
თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულმა მხარემ საერთაშორისო დელეგაციებს უმასპინძლა

თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა „აიდექს 2019“-ის (IDEX 2019) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და „დელტას” წარმომადგენლობა პარტნიორებს შეხვდნენ და ქართული წარმოების სამხედრო პროდუქციით დაინტერესებული კომპანიებისა და ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლეს, რომელთა შორის არიან ყაზახეთი, ინდონეზია, განა, პაკისტანი და ა.შ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო გამოფენა „აიდექს 2019“ 17-21 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის სრული სპექტრი, მათ შორის მსუბუქი ჯავშანტექნიკა, ტანკები, საზღვაო ხომალდები, საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური და სარაკეტო სისტემები, შვეულმფრენები, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, საბრძოლო მასალები, რეაქტიული და ლულიანი არტილერია, დაზვერვის, ბრძოლის ველის მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემები, რადიოქიმიური დაცვის სისტემები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ცეცხლსასროლი შეიარაღება, ასევე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების სამრეწველო ნედლეულისა და კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ წარმოადგინა ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები, რომელთა შორის არის ფართო მასებისთვის პირველად წარმოდგენილი ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ ახალი 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“, მოდიფიცირებულ ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“ ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, ანტიმატერიული შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებული ბიკალიბრული უხმაურო ნაღმმტყორცნი GNM-60, მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი RPGL-7G, 338 კალიბრის სნაიპერული შაშხანა სატევარი-2, ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების სხვადასხვა
მოდელი.

„აღნიშნულ გამოფენაზე ცენტრის მიერ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების წარმოდგენა ხელს შეუწყობს ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.