თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა თავდაცვის ახალ კოდექსს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი განიხილეს. კომიტეტმა დოკუმენტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პროექტს ხვალინდელ პლენარულ სხდომაზეც განიხილავენ.
საკანონმდებლო ინიციატივა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ წარადგინა. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, დოკუმენტი ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრაქტიკას ეფუძნება და მასში ასახულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც თავდაცვის მიმართულებებს არეგულირებს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების შემოღებაზე, კოდექსი უზრუნველყოფს თავდაცვის ორგანიზებისა და ნატო-სთან თავსებადობისთვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების დადგენას. გრიგოლ გიორგაძემ ცალკე გამოყო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შემოღება, რომლის თანახმადაც, წვევამდელი სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სისტემაში გაივლის.
აღნიშნული ცვლილება 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. რაც შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ამ მიმართულებით სასულიერო პირები ვეღარ ისარგებლებენ შეღავათით და ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს მოუწევს ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა, სტუდენტებს კი გადავადების მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობა კვლავ ექნებათ. სასულიერო პირებთან დაკავშირებულ ცვლილებას მკაცრად აკრიტიკებს „გირჩი“, რასაც შელაპარაკება მოჰყვა დეპუტატებს შორის, შედეგად კი მანდატურებმა იაგო ხვიჩიას სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
კომიტეტზე „გირჩმა“ ალტერნატიული წინადადებაც წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სავალდებულო სამსახური ნებაყოფლობითი უნდა იყოს. „გირჩის“ წინადადებას კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.