თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ
პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ.
ოპოზიცია გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლილუაშვილი არ არის მისაღები კანდიდატურა.
„აღნიშნული კანდიდატის წარდგენა ხდება კანონის დარღვევით, რადგან კანონში არის კონკრეტული ვადა, რომლის განმავლობაშიც ადამიანი უნდა მუშაობდეს უსაფრთხოების სამსახურებში, რაც არ აქვს შესრულებული ბატონ ლილუაშვილს, თუმცა ფორმალურად რომც იყოს შესრულებული და ვთქვათ დეკემბრამდე რომც დაეცადა „ქართულ ოცნებას“, ამით მაინც არაფერი შეიცვლებოდა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილი ადამიანებს უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე ნიშნავს არა კომპეტენციის, არამედ მასთან პირადი ლოიალობის ნიშნის მიხედვით. „ქართუს“ თანამშრომლებით დააკომპლექტა მთელი მთავრობა და ჰგონია, რომ 2020 წლის გარდაუვალ დამარცხებას რამენაირად შეცვლის“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ.
განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციას მომავალში ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე კითხვები, ეს უნდა დასვას საპარლამენტო ფორმატში.
რაც შეეხება ბატონ ლილუაშვილს, ეს არის განათლებული, პროფესიონალი და პრინციპული ადამიანი. ის იყო საპარლამენტო გუნდის წევრი, ის საქმიანობდა პარლამენტში, მას აქვს უსაფრთხოების სექტორში მუშაობის გამოცდილება და რა თქმა უნდა, ექნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვახტანგ გომელაური, რომელიც ამ თანამდებობაზე 2015 წლის აგვისტოდან მუშაობდა, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, 2019 წლის იანვრიდან ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო. მანამდე, 2017 წლის დეკემბრიდან, ვახტანგ გომელაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ის უფროსად წარდგენა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა.