თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს მოუსმინეს
პარლამენტში რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს მოუსმინეს.
„ეს იყო პირველი ღონისძიება, როდესაც სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მოსმენაში. კომიტეტის წევრებს არსებულ საფრთხეებზე, გამოწვევებსა და რისკებზე მოვახსენეთ. ძირითადად, საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ასევე იმ ღონისძიებებსა და გეგმებზე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს თავდაცვის ძალებში, რათა მოვახდინოთ ამ საფრთხეების პრევენცია.
მოგეხსენებათ, დღითიდღე ვითარდება ჩვენი თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე ნატო-სთან. შარშან ჩავატარეთ საკმაოდ ფართომასშტაბიანი მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“. წელს ასევე დაგეგმილი გვაქვს მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2021“. ეს ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან ვითარდება, ღრმავდება და საკმაოდ აქტიურ რეჟიმში ვართ გადასული, რომ ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ გაზარდოს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, გაზარდოს საბრძოლო მზადყოფნა და დაგვაახლოოს ნატო-სთან, თავდაცვის ძალები კიდევ უფრო თავსებადი გახდეს ნატო-ს ძალებთან, რაც ხელს უწყობს ჩვენს სტაბილურობას და მშვიდობას რეგიონში“,- განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ.