თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ახალი ინიციატივა ძალაში შევიდა
ევროკავშირი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პერმანენტულ სტრუქტურულ თანამშრომლობას იწყებს. ინიციატივა ძალაში 14 დეკემბერს შევიდა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურებმა და პრეზიდენტებმა ინიციატივის ამოქმედება ბრიუსელის სამიტზე აღნიშნეს და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
პერმანენტული სტრუქტურული თანამშრომლობის (PESCO) ინიციატივის ხელმომწერია ევროკავშირის 25 წევრი ქვეყანა. შეთანხმება თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, შეიარაღებული ძალების განვითარებას, მსხვილი პროექტების განხორციელებას, თავდაცვის ხარჯების გაზრდას და კოორდინირებულ მუშაობას გულისხმობს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ PESCO ევროპული თავდაცვის მშენებლობის გამოხატულებაა. დონალდ ტუსკის თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ამბიციური ხედვა წლებია არსებობდა, მაგრამ იდეის განსახორციელებლად საკმარისი გამბედაობა არ იყო.
„წლების განმავლობაში PESCO-ს წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი არგუმენტი იყო შიში, რომ ეს ინიციატივა დაასუსტებდა ნატო-ს. სინამდვილეში, საპირისპიროდ ხდება. ძლიერი ევროპული თავდაცვა აძლიერებს ნატო-ს. ამიტომ არ არის PESCO კარგი ახალი ამბავი მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი მოკავშირეებისთვისაც და ცუდი ახალი ამბავია ჩვენი მტრებისთვის“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ევროპულ საბჭოში სამიტს ნატო-ს გენერალური მდივანიც დაესწრო.
„ჩვენ მივესამლებით ევროკავშირის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პერმანენტულ სტრუქტურულ თანამშრომლობას (PESCO) და იმ 17 პროექტს, რომლის დაწყებასაც ევროკავშირი აპირებს. რაც უფრო ძლიერი იქნება ევროკავშირი, მით უფრო ძლიერი იქნება ნატო-ც. ევროპის კონტინენტის მოსახლეობის 90 % ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში ცხოვრობს. ევროკავშირის ახალი თავდაცვის ინიციტივით ძლიერდება ევროკავშირი და ძლიერდება ნატო-ში ევროკავშირის ფლანგი“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.