თავდაცვის უწყება - სამინისტროს არც კი დაუშვია, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ტელევიზიის წილის დაყადაღება მოეთხოვა
თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს.
„თავდაცვის უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, აღკვეთოს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება. მით უმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სამინისტროს სარჩელი შეაქვს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.