თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაერო-ს პროექტების მომსახურების ოფისის მხარდაჭერით, თავდაცვის უწყებაში უსაფრთხოების ახალი სისტემები დანერგა, – ამის სესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ (SAFE) პროექტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გადაეცა უმაღლესი ტექნოლოგიის აპარატურა, რომელიც თავდაცვის უწყების ინტერნეტკომუნიცაციების სტაბილურობას, ეფექტურობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.
„აღნიშნული სისტემები შეამცირებს კიბერინციდენტებს და თავდაცვის სამინისტროს კიბერსივრცეს უფრო მეტად უსაფრთხოს გახდის. პროექტი საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციურ და ტექნიკურ გაძლიერებას ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, ადამიანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აპარატურის გადაცემის ღონისძიების შემდეგ, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაერო-ს პროექტების მომსახურების ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.