თავდაცვის სამინისტროში ბინების დაკანონების საკითხზე კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის უწყების ბალანსზე არსებული ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით, სამინისტროში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტის ეფექტიანი და სწრაფი წარმართვის მიზნით, სპეციალური ბრძანებით შეიქმნა.
„კომისიის წევრებმა კომისიის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ჯუანშერ ბურჭულაძეს პროცესის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. უწყებაში ამ ეტაპზე ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით 140 განცხადებაა შესული. კომისია განცხადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე განიხილავს, რის შემდეგაც მინისტრს რეკომენდაციებს წარუდგენს“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინის ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ თავდაცვის მინისტრის ინიციატივით 17 ივლისს მიიღო.
„ბინების დაკანონება, სამხედრო მოსამსახურეებს, ყოფილ სამხედროებს, სოციალურად დაუცველებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს შეეხებათ, რომლებიც წლებია თავდაცვის უწყების ბალანსზე არსებულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და ბინების დაკანონენებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. სამინისტროს ბალანსზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 5000-მდე არაპრივატიზებული ბინა ირიცხება; მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ხონში, სენაკში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.