თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სწავლების შემდეგ ახალციხიდან გორის მიმართულებით ტექნიკის ტრანსპორტირებაა ასახული
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სწავლების შემდეგ ახალციხიდან გორის მიმართულებით ტექნიკის ტრანსპორტირებაა ასახული

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია ახალციხიდან გორის მიმართულებით, სარკინიგზო ვაგონებით, ტექნიკის ტრანსპორტირება.

როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ტექნიკა წარმოადგენს პირველი ქვეითი ბრიგადის საკუთრებას, რომელიც გეგმური ასეულის დონის საველე სწავლების შემდეგ ბრუნდებოდა ქალაქ გორში.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ასახულია ახალციხიდან გორის მიმართულებით სარკინიგზო ვაგონებით ტექნიკის ტრანსპორტირება. აღნიშნული ტექნიკა წარმოადგენს პირველი ქვეითი ბრიგადის საკუთრებას, რომელიც გეგმიური ასეულის დონის საველე სწავლების შემდეგ ბრუნდებოდა ქალაქ გორში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და რკინიგზის გამოყენებით აღნიშნულ პოლიგონზე წლებია გეგმური სწავლებების ფარგლებში ტექნიკის ტრანსპორტირება ხორციელდება.

თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ვიდეოების გავრცელებისგან, რაც საზოგადოებაში უსაფუძვლო პანიკას იწვევს. აქვე აღვნიშნავთ, რომ სწავლების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია 12 მაისს გაავრცელა“, – აღნიშნულია განცხადებაში.