თავდაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თავდაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანები, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო პირები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებიდა მათი ოჯახის წევრები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვებიან.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხელმოწერილი მემორანდუმი საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმ ნაკრძალებსა და მუზეუმში საფასურის გარეშე მომსახურებით სარგებლობასაც ითვალისწინებს. ამიერიდან, სააგენტო სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ორი სახელმწიფო უწყების მიერ ერთობლივად განხორციელებულ სამეცნიერო კულტურულ ღონისძიებებში, არქეოლოგიურ ექსპედიციებსა და სხვა საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობას უზრუნველყოფს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.