თავდაცვის სამინისტროს ჩეხურ ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს, ვეტერანებს სრული სამედიცინო და სარეაბილიტაციო დახმარება გაეწევათ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჩეხურ ფონდს – REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორის თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მემორანდუმი გაფორმდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანების სრული სამედიცინო და სარეაბილიტაციო დახმარება, ასევე სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებაა.
„ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, REGI Base Foundation-ის ხელმძღვანელმა, ჰინეკ ჩეხმა და REGI Base Georgia-ს ხელმძღვანელმა, მიხეილ ტარახჩევმა წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში.
დღესვე, გაფორმდა თანამშრომლობის დოკუმენტი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორისაც, რომელსაც ხელი მოაწერა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ.
პირველ ეტაპზე თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ასევე ჩეხეთში რეაბილიტაციის გასავლელად დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარი გაემგზავრებიან.
REGI Base Foundation სარეაბილიტაციო მომსახურებით უზრუნველყოფს ომის ვეტერანებს, პოლიციელებს, მეხანძრეებსა და მათი ოჯახის წევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სასტუმროს ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, პროფესიონალი ექიმებით, ფიზიოთერაპევტებით, ოკუპაციური თერაპევტებითა და მასაჟისტებით. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხითაც.
ჩეხური დელეგაციის წევრებს სარეაბილიტაციო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერებინეს და საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. თანამშრომლობის ფარგლებში, სამომავლოდ საქართველოში უახლესი რობოტიზირებული ტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდების მქონე კლინიკის აშენება იგეგმება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.