თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებამოსილება ექნებათ
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებამოსილება შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეების მსგავსად, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირებსაც ექნებათ.
შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილება ძირთადად გავრცელდება თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე.
ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება მიეცემათ იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებათ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი. ნამსახურობაში თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის გარდა, სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით, ასევე პროკურატურის ორგანოებსა და მოსამართლედ მუშაობის პერიოდი შედის.
„მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის იმავე გარანტიებს, რაც არის დადგენილი სხვა სახელმწიფო უწყებების სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის. კერძოდ, სხვა სახელმწიფო უწყებების სპეციალური წოდების მქონე პირებს სპეციალური წოდებით ნამსახური წლები სახელმწიფო კომპენსაციისთვის დასანიშნ წლებში ეთვლებათ და 20 და მეტი წოდებით ნამსახური წლების დაგროვების შემთხვევაში, მათ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება წარმოეშვებათ. ანალოგიური უფლებით თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირები არ სარგებლობენ, რომლებიც სხვათა მსგავსად ახორციელებენ – ობიექტების უსაფრთხოების და დაცვა-გაცილების, გამოძიების, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ოპერატიულ-სამძებრო ან/და შიდა კონტროლის ფუნქციებს. შესაბამისად, აუცილებელია თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ანალოგიური პირობების დადგენა, რაც უზრუნველყოფს არსებითად თანასწორი სტატუსის მქონე პირების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებასა და მათი მოტივაციის გაზრდას“, – აღნიშნულია კანონპროექტში.