თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხები ახლებურად დარეგულირდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხები ახლებურად დარეგულირდება.
შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც 14 თებერვლის ბიუროს სხდომას წარედგინება. კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს სტატუსის შეჩერების უფლება ექნება – თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ უცხო ქვეყანაში წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას; აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერების აუცილებლობა ინიცირებული იქნება იმ ადმინისტრაციული ორგანოსაგან, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი; ასევე სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა ან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში – სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს მობილობით სარგებლობის უფლება ექნება საგამონაკლისო შემთხვევაშიც – ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, როდესაც ის ვეღარ შეძლებს დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურისთვის დადგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნები.
კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, პირს, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შემთხვევაში, მიზანშეწონილია, შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ, ვინაიდან პროგრამის მიზნობრიობა კარგავს არსებით მნიშვნელობას და სახელმწიფოს მიერ გაღებული ფინანსური და მატერიალური რესურსი ვერ იქნება შედეგის მომტანი იმ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, რომელმაც წარადგინა პირი აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად.
კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები ირაკლი ბერაია, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ეკა სეფაშვილი, გიორგი ამილახვარი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და თამარ ტალიაშვილი არიან.