თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტი „ჩვენი ჯარი“ უმაღლეს სასწავლებლებში გრძელდება
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტი „ჩვენი ჯარი“ უმაღლეს სასწავლებლებში გრძელდება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში წარმატებით განხორციელების შემდეგ პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს.

თავდაცვის ძალების ოფიცრები და სერჟანტები დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრნენ.

უწყების ცნობით, სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სახეების შესახებ. ახალგაზრდებს ჯარისკაცებისთვის მათთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვის დასმისა და ამომწურავი პასუხის მიღების, ასევე, საკუთარი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედრო მოსამსახურეებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილთან შეხვედრა უკვე გამართეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ეტაპობრივად აღნიშნული სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდებიან. თავდაცვის უწყება პროექტს „ჩვენი ჯარი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდება“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.