თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალ წელს 68 მილიონი ლარით იზრდება
2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით, თავდაცვის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტს 80 მილიონი ლარი ემატება. ცვლილება ბიუჯეტის ახალ პროექტში აისახა, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.
თავდაცვის უწყებისთვის მომავალ წელს 870 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული, პირველი წარდგენით კი, ბიუჯეტი 790 მილიონი ლარი იყო. ახალ პროექტში გათვალისწინებულია 55 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტის მიღება, რომელიც, სავარაუდოდ, შეიარაღების შეძენას მოხმარდება.
2019 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 2018 წელთან შედარებით 68 მილიონით, 2017 წელთან შედარებით კი, 100 მილიონი ლარით იზრდება.