თავდაცვის სამინისტრო - ვაკის პარკში მშვიდობიან აქციაზე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მათ ჯარისკაცები შეუერთდნენ
თავდაცვის სამინისტრო - ვაკის პარკში მშვიდობიან აქციაზე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მათ ჯარისკაცები შეუერთდნენ

ვაკის პარკში მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს აქციას ჯარისკაცები შეუერთდნენ, – ამის შესახებ პირველ არხს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

პირველ არხს თავდაცვის უწყებაში დაუდასტურეს, რომ კანონით სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება შეკრებაში მონაწილეობა. აქციას კი მხოლოდ ომის ვეტერანთა ნაწილი შეუერთდა.

„ვაკის პარკში მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს აქციას შეუერთდნენ ჯარისკაცები. ვაკონკრეტებთ, რომ აქციას არა ჯარისკაცები, არამედ ომის ვეტერანთა ნაწილი შეუერთდა.

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება შეკრებაში მონაწილეობა. სამხედრო მოსამსახურის შეკრებაში მონაწილეობას კრძალავს აგრეთვე „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა განიხილება სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველ ქმედებად“, – განუცხადეს პირველ არხს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.