თავდაცვის სამინისტრო სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული გვირაბი წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საიდუმლო ობიექტს და ბრალდებები, თითქოს აღნიშნული გვირაბი რომელიმე კერძო პირის ინტერესებშია, თეორიულადაც კი, გამორიცხულია.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება მოგახსენებთ, რომ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში ცალკეული პირების მიერ სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ცილისწამება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც, ასევე მიზნად ისახავს ჩვენი თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებას.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული გვირაბი წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საიდუმლო ობიექტს და ბრალდებები, თითქოს აღნიშნული გვირაბი რომელიმე კონკრეტული კერძო პირის ინტერესებშია თეორიულადაც კი სრულიად გამორიცხულია. ცხადია, საიდუმლო ობიექტების ფუნქციური დანიშნულების შესახებ უწყებას არ შეუძლია საჯარო ინფორმაციის გავრცელება. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო ობიექტების შესახებ ინფორმაციასა და მათი დანიშნულების შესახებ მოთხოვნების ჩამოყალიბებას მოვეკიდოთ უფრო ფრთხილად და ყურადღებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.