თავდაცვის სამინისტრო - სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაციები ვერტმფრენების გადაფრენის შესახებ, აღნიშნული „მი-24“ და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის თავდაცვის ძალებს და მონაწილეობდნენ სწავლებაში
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაციები ვერტმფრენების გადაფრენის შესახებ, აღნიშნული „მი-24“ და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის თავდაცვის ძალებს და მონაწილეობდნენ სწავლებაში.
თავდაცვის უწყება მედიას მოუწოდებს, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და საქართველოს თავდაცვის ძალების გეგმურ სწავლებებზე გამოყენებული ტექნიკის გადაადგილების გამო ცრუ ინფორმაციების გავრცელებით არ შეიტანონ საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ. აღნიშნული „მი-24“ და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „გელათი 2022“, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ჩატარდა. შესაბამისად, აღნიშნული საფრენი აპარატები გადაადგილდებოდნენ თბილისიდან ახალციხის მიმართულებით და სწავლების დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ უკან. თხოვნით მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და საქართველოს თავდაცვის ძალების გეგმურ სწავლებებზე გამოყენებული ტექნიკის გადაადგილების გამო ცრუ ინფორმაციების გავრცელებით არ შეიტანონ საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.