თავდაცვის სამინისტრო - მე-12 მსუბუქი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატო-ს შეფასების NEL-2 დონის გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა” ასეულმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე სიტუაციური სწავლება ჩაატარა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულის სიტუაციური სწავლების მიზანი ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP) ფარგლებში ნატოს მე-2 დონის (NEL-2) შეფასებისთვის მზადყოფნაა.
„ალფა” ასეულმა თავდასხმითი ოპერაციის მომზადების შემდეგ რეიდის და სამედიცინო ევაკუაციის ამოცანები შეასრულეს. „ალფა“ ასეულს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი უჭერდა მხარს. სწავლებაში მონაწილეობენ ჯავშანმანქანა „დიდგორი“ და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“. დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა პირადი შემადგენლობისა და სამეთაურო რგოლის მოქმედებები დადებითად შეაფასა.
აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.
მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატო-ს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო. ქვედანაყოფი ნატოს ძალებთან თავსებადობის კუთხით ამჟამად გადამზადებასა და მზადყოფნაში გადის“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.