თავდაცვის სამინისტრო - ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი ისტორიულ მოვლენად შეიძლება შეფასდეს, ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი – ლოიდ ოსტინი იმყოფება. მას ქართველი კოლეგა – ჯუანშერ ბურჭულაძე მასპინძლობს. პენტაგონის უმაღლესი პირი საქართველოში დღეს, გამთენიისას ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლოიდ ოსტინს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახვდა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.
როგორც თავდაცვის უწყება აღნიშნავს, აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი ისტორიულ მოვლენად შეიძლება შეფასდეს, რადგან მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის განსამტკიცებლად.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას.
პენტაგონის უმაღლესი პირის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყება, რის შემდეგაც კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები, შავი ზღვის აუზისა და რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია, რაშიც ქართულ მხარეს უდიდეს მხარდაჭერას უწევს ოფიციალური ვაშინგტონი, აშშ-ის მზარდი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში, ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის ოპერაციაში ერთმანეთის მხარდამხარ მსახური – ამ საკითხებს განიხილავენ ჯუანშერ ბურჭულაძე და ლოიდ ოსტინი თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
დღესვე კოლეგები აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს ეფუძნება და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
შეხვედრაზე განხილულ საკითხებსა და შეთანხმების მნიშვნელობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.
თავდაცვის სამინისტროდან აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც ლოიდ ოსტინს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში სპეციალური ოპერაციების ძალებში სტუმრობით დასრულდება, სადაც ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი სწავლება გაიმართება.
ლოიდ ოსტინი საქართველოში ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა, რის შემდეგაც ის უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა, ხოლო ვიზიტის დასასრულ ბრიუსელში, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.