თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტთა რეზერვში მიღებას იწყებს
თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტთა რეზერვში მიღებას იწყებს. უწყების კიბერუსაფრთხოების ბიუროს განცხადების თანახმად, სპეციალისტთა რეზერვში ჩარიცხული პირები სპეციალური მომზადების პროგრამას გაივლიან, რომლის ხანგრძლივობაც წელიწადში არაუმეტეს 45 კალენდარული დღეა. კონტრაქტის ვადა კი, 1-დან 5 წლამდე პერიოდით განისაზღვრება.
მოსამზადებელი პროგრამა ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს არქიტექტურის გაცნობასა და რეზერვისტების მონაწილეობას ნატო-სა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში.
პირი, რომელიც სპეციალისტთა რეზერვში ჩაირიცხება, ტერიტორიულ რეზერვში გაწვევას აღარ დაექვემდებარება.
ამასთან, სპეციალისტები ანაზღაურებას სამხედრო წოდების შესაბამისად მიიღებენ.
კანდიდატი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2018 წლის 18 მაისის N47 ბრძანებით „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
დაინტერესების შემთხვევაში, მსურველების CV ელექტრონულ მისამართზე – [email protected] მიიღება, ასევე შესაძლებელია დაკავშირება სატელეფონო ნომერზე (+ 995 32) 2 000 345.