თავდაცვის სამინისტრო - ჯარი არის ნეიტრალური ინსტიტუტი და პოლიტიკურ სპეკულაციებში ჩათრევის მცდელობა პრინციპულად მიუღებელია
ჯარი არის ნეიტრალური ინსტიტუტი და პოლიტიკურ სპეკულაციებში მისი ჩათრევის ნებისმიერი მცდელობა პრინციპულად მიუღებელია, – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა პრესოფიცერმა, არჩილ ომიაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც არჩილ ომიაძემ აღნიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს სამხედრო პირებს 28 ოქტომბერს არ ექნებათ არჩევის უფლება და ცდილობს, ეს ცრუ ბრალდება დაასაბუთოს სპეცუბნების გაუქმებით.
„სპეცუბნები დიდი ხნის განმავლობაში, 2016 წლამდე არსებობდა, მაგრამ ამასთანავე თითქმის ყველა პარტია და სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნული ტიპის უბნებს მიიჩნევდა ბერკეტად არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და სპეციალური უბნები გაუქმდა მთელ შეიარაღებულ ძალებში, გარდა ავღანეთისა. მათ გაუქმებას არანაირი უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო მოსამსახურეებზე საარჩევნო უფლების გამოხატულების კუთხით. ცვლილებების შედეგად, სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილიდან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლოს მდებარე საარჩევნო უბანზე, ხოლო ნაწილი გადასატანი ყუთის მეშვეობით”, – განაცხადა არჩილ ომიაძემ.
მისივე თქმით, ინფორმაცია, თითქოს ავღანეთის ლოკაციაზე როტაცია დაემთხვა ისეთ თარიღებს, რომ შეიზღუდოს კონტინგენტში მონაწილე პირების საარჩევნო უფლება, სრული სიცრუეა.
„გადასროლის ოპერაცია დასრულებულია და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ხმის მიცემის უზრუნველყოფა განხორციელდება ორ ლოკაციაზე – ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ბაზა მარმარზე. ხოლო კონტინგენტი, რომელმაც შეასრულა მისია და დაბრუნდება საქართველოში არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე, ამ პერიოდისთვის იქნებიან შვებულებაში და თავიანთი უფლების განხორციელება შეეძლებათ საცხოვრებელი მისამართების მიხედვით”, – განაცხადა არჩილ ომიაძემ.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს თავდაცვის სამინისტრო არასაჭირო იარაღს ყიდულობს და აღნიშნა, რომ ეს სიცრუეა.
„ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალების შეძენას სამხედროები მრავალი წლის განმავლობაში ვითხოვდით ყველა ხელისუფლების პირობებში და მათი საჭიროება 2008 წლის მოვლენებმაც გამოაჩინა. შესაბამისად, შეიარაღების შეძენის ყველა შემთხვევა შეესაბამება ჩვენს საბრძოლო საჭიროებებს და შესყიდვების გრძელვადიან სტრატეგიას ექვემდებარება, რომელიც ასევე თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან. შაშკინი ასევე ავრცელებს ქართველი ოფიცრისთვის შეუარაცხმყოფელ ბრალდებას, რომელიც სამხედრო ფორმის ტარებას შეეხება. ის საზოგადოებას ატყუებს, რომ არასამუშაო საათებში სამხედრო ფორმის ტარების წესის ცვლილების მიზანი მოსახლეობაში ქართული ჯარის სიყვარულისა და სიამაყის გრძნობის შელახვაა. სინამდვილეში ეს ცვლილება ჯერ კიდევ 2010 წელს მიიღეს. ქართული ჯარის მიზანმიმართული დეგრადირება და ოფიცერთა კორპუსის მორალური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა სწორედ მისი მინისტრობის დროს 2012 წლის არჩევნების პერიოდში, როდესაც მთელი შეიარაღებული ძალები 18 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფებოდა ყაზარმულ მდგომარეობაში და აქტიურად მიმდინარეობდა იმის გარკვევა, თუ ვისზე უნდა გაეკეთებინათ არჩევანი სამხედროებს. არასოდეს საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ყოფილა ასეთი დეპოლიტიზირებული როგორც ახლა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის ეს შავი ფურცლები სამუდამოდ დახურულია. დღეს ჯარი წარმოადგენს დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედს. ჯარი არის ნეიტრალური ინსტიტუტი და პოლიტიკურ სპეკულაციებში მისი ჩათრევის ნებისმიერი მცდელობა პრინციპულად მიუღებელი და განწირულია”, – განაცხადა არჩილ ომიაძემ.