თავდაცვის სამინისტრო - ღია ტენდერში მონაწილე კომპანიებისა და მათი დამფუძნებლების წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უწყება არ ფლობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. უწყების განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და დაზუსტებას საჭიროებს.
„შპს „მარგიო“ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ელექტრონულ, ღია ტენდერებში 2013 წლიდან მონაწილეობს. სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ღია ელექტრონულ ტენდერში მონაწილე კომპანიების ვინაობა არის ფარული. გამოცხადებულ ღია ტენდერში მონაწილე კომპანიებისა და მისი დამფუძნებლების წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უწყება არ ფლობს“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ელექტრონული ფარული პროცედურების დასრულების შემდეგ ხდება ცნობილი.
„კანონმდებლობის მიხედვით, ელექტრონულ ღია ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უწყებამ ტენდერში მონაწილე კომპანიას დაუწესოს რაიმე შეზღუდვა, ან დაინტერესდეს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ნასამართლეობის ან წარსული ცხოვრების/წარსული საქმიანობის შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „მარგიოს“ არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს უწყების მიერ გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვებში, ვინაიდან ამ ტიპის შესყიდვების განსახორციელებლად, სახელმწიფო საიდუმლოების მაქსიმალურად დაცვის და უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, კომპანია უნდა ფლობდეს საიდუმლო დაშვების ნებართვას, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, რაც შპს „მარგიოს“ არ გააჩნია და შესაბამისად ის ასეთი ტიპის შესყიდვებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
რაც შეეხება მტკიცებას იმის შესახებ, რომ შპს „მარგიო“ ახდენს შეიარაღებული ძალების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ კომპანიისგან მოხდა მხოლოდ ერთი კომპიუტერის ვიდეობარათის შესყიდვა, ლევან იზორიას მინისტრად დანიშვნამდე, 2016 წლის 11 აპრილს. ხელშეკრულების ღირებულება იყო 3200 ლარი. აქვე მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი კომპიუტერული ტექნიკა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე და მის შემდეგაც, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიზნით, რეგულარულად მოწმდება და კონტროლდება“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის უწყება ასევე ეხმაურება საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერებულ ინფორმაციას, მეორე კომპანიის, შპს „გლობალ თრეიდ გრუპის“ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებში მონაწილეობის შესახებ.
„აღსანიშნავია, რომ შპს „გლობალ თრეიდ გრუპს“ ერთადერთი მიწოდება აქვს განხორციელებული 2017 წლის ნოემბერში, რომელიც 14.981 ლარის ღირებულების სამედიცინო დანიშნულების ნემსების შეძენას ეხება“, – აცხადებენ უწყებაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უწყება ზედმიწევნით იცავს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შესყიდვების კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, ასევე განუხრელად დაიცავს მის მოთხოვნებს.
სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში ოთხ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვეს. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.
პეტრე დევრიშაძე 2010 წელს „გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს. მასთან საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა.