საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გარკვეული მედიასაშუალებების ეთერში გასულ სიუჟეტს პასუხობს თავდაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წლიდან წლამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აუმჯობესებს და ხვეწს აუდიტის სამსახურის ანგარიშში გამოთქმულ რეკომენდაციებს და იმსახურებს მზარდ დადებით შეფასებებს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება ცალკეულ მიკერძოებულ ტელევიზიებში გასულ სიუჟეტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით, რაც უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ წლიდან წლამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აუმჯობესებს და ხვეწს აუდიტის სამსახურის ანგარიშში გამოთქმულ რეკომენდაციებს და იმსახურებს მზარდ დადებით შეფასებებს. რაც შეეხება ცალკეულ ნაკლოვანებებს, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მათ აღმოფხვრაზე, მათ შორის დავით კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების კუთხით. ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდაცვის ძალებში დაახლოებით 40%-ით მოხდა ხელფასების მატება.
ცხადია, ასევე გრძელდება დანამატების გაცემის პრაქტიკა იმ კონკრეტული ქვედანაყოფებისათვის, რომლებიც კანონის შესაბამისად ახორციელებენ სპეციფიკურ სამუშაოს და შეხება აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან. აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს 233 მოსამსახურეზე გრიფით „საიდუმლო“ წესით გაიცა დაახლოებით 5 მილიონი ლარის დანამატი. აღნიშნული თანხა გადაეცათ თავდაცვის სამინისტრის სამხედრო მოსამსახურეებსა და თანამშრომლებს მათ მიერ ეფექტიანად შესრულებული სამუშაოს დაფასებისა და წახალისების მიზნით. რაც შეეხება, უშუალოდ გაცემის ფორმას, აღნიშნული განხორციელდა საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ მოქმედი კანონის შესაბამისად. დანამატები გაიცა იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სპეციალური წოდების მქონე პირებზე, რომლებიც ასრულებენ გარკვეული ტიპის სპეციფიკურ სამუშაოს და ამავე დროს, შეხება აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ კანონით გათვალისწინებულ სენსიტიურ საქმიანობასა და ინფორმაციასთან. ცხადია, ჩვენი სამხედროები იმსახურებენ ყველაფერს საუკეთესოს და მათ შორის ფინანსურ წახალისებას, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.