თავდაცვის სამინისტრო - ბრალდებები სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან საეჭვო გარიგებებზე, არის სრულიად აბსურდული
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრალდებები სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან საეჭვო გარიგებებზე, არის სრულიად აბსურდული. თავდაცვის უწყება მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე აკეთებს განმარტებას.
„ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის რეალური მიზანია, ჩრდილი მიაყენოს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის უწყებაში გატარებულ ღონისძიებებს სამხედროებისთვის საუკეთესო კვებითი პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით. ბრალდებები სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან თითქოსდა დადებულ საეჭვო გარიგებებზე, არის სრულიად აბსურდული და უწყების დისკრედიტაციის მიზნით შეგნებულად შეთითხნილი. სამწუხაროა, რომ „ტვ პირველი“ სამინისტროს მიერ შესყიდვებისას ხარვეზების სწრაფ და ეფექტურ აღმოჩენას, რომელიც სწორედ გამორიცხავს ჯარის უხარისხო პროდუქციით მომარაგებას და მსგავსი ფაქტების მომავალში განმეორების პრევენციას უზრუნველყოფს, მიიჩნევს სისუსტედ.
საზოგადოებისათვის განმარტავთ, რომ ყველის მომწოდებელ კომპანია „ალპურთან“ არსებული ხელშეკრულება, გამოვლენილი დარღვევების გამო, 2020 წლის დეკემბერში შეწყდა, რაც კონტროლისა და შემოწმების არსებული ეფექტური სისტემის შედეგად იქნა აღმოჩენილი და მოცემული პროდუქცია მყისიერად ამოღებული იქნა ჯარის კვების რაციონიდან. საკვების გამრავალფეროვნებასთან, ადგილობრივი, ქართული ხორცით და სხვა ნაწარმით უზრუნველყოფასთან ერთად, ხარისხის კონტროლი მინისტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა.
ხარისხის კონტროლი ხორციელდება, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროში საკვები პროდუქციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალურად შეიქმნა „სტანდარტიზაციისა“ და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი“, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის, სამზარეულო ინვენტარის, მარაგების, ინფრასტრუქტურის მაღალ ხარისხს, ადგენს ნატოს სტანდარტებს და ახორციელებს ხარისხის მონიტორინგს. გაძლიერდა სხვა მაკონტროლებელი მექანიზმებიც. შესაბამისად, ყველა ხარვეზის აღმოფხვრა ხდება უსწრაფესად და სრულადაა დაცული სამხედროების მაღალი კვებითი სტანდარტები.
რაც შეეხება, კომპანია „ვანი როქსთან“ დადებულ ხელშეკრულებას, კონსოლიდირებული ტენდერის შედეგების დასრულებამდე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ხელშეკრულების გაფორმება გადაწყდა მას შემდეგ, რაც ეს კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2020 წლის 22 დეკემბერს ყველის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამოვლინდა. შესაბამისად ეს კომპანია უკვე იყო ღია და გამჭვირვალე ტენდერში გამარჯვებული და ცხადია, გადაუდებელი წესით სხვა კომპანიასთან დაკავშირება იქნებოდა სწორედ საეჭვო გარემოება.
რაც შეეხება აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ მრავალი წლის წინ უწყებიდან წასული თანამშრომლის 2019 წლის სექტემბერში დანიშნულ ირაკლი ღარიბაშვილთან ან მის გუნდთან დაკავშირებას – სცდება ყოველგვარ საღ აზრს და ლოგიკას, წარმოადგენს შეგნებულ დეზინფორმაციას და თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ და ამორალურ მცდელობას. ვწუხვართ, რომ „ტვ პირველი“ დაკავებულია სიცრუის გავრცელებით და თავდაცვის ძალების დისკრედიტაციის უსუსური მცდელობით“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.