თავდაცვის სამინისტრო - ავღანეთის საარჩევნო უბნებზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა
ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადეს. საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეს ავღანეთში მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა განხორციელდა. პროცესის დასრულების შემდეგ, საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები, სადაც ბიულეტენებია მოთავსებული, დაილუქა და შედეგების დათვლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება.
ავღანეთში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს, სადაც საარჩევნო უბანი დილის შვიდ საათზე გაიხსნა.
II ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა მოქალაქეობრივი ვალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ გახსნილ საარჩევნო უბანზე მოიხადა. ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბბინაში დისლოცირებულმა IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა.
„საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.