თავდაცვის სამინისტრო - აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის დაანონსების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა, რაც ისტორიულ ვიზიტად შეიძლება შეფასდეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას.
„ხაზგასასმელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნად ლოიდ ოსტინის დანიშვნის შემდეგ, მის მიერ ერთ-ერთი პირველი სატელეფონო ზარი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შედგა, სადაც ოსტინმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც გამორჩეულ და საიმედო სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას და გამოხატა მეტი ჩართულობისa და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.