თავდაცვის სამინისტრო - აქტიურად მიმდინარეობს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელსაც გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნები აქვს
თავდაცვის სამინისტრო - აქტიურად მიმდინარეობს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელსაც გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნები აქვს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელსაც აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნები აქვს.

„ცილისწამების კამპანიის თვალსაზრისით, სრულიად გამორჩეული იყო ტელეკომპანია „მთავარში“ გასული სიუჟეტი, რომელმაც სრულად გადაკვეთა წითელი ხაზები და შეეცადა, ჩრდილი მიეყენებინა ჰოსპიტლის პერსონალის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერებისთვის.

სამწუხაროდ, მიზანი – განხორციელდეს ჰოსპიტლის დისკრედიტაცია, რომ მოპოვებულ იქნას საზოგადოების მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, არ ტოვებს ეჭვს, რომ აღნიშნული ცილისმწამებლური კამპანია კვლავ გაგრძელდება. შესაბამისად, აღნიშნული სიუჟეტი, რომელიც 2013 წელს ჰოსპიტალში მიმდინარე მოვლენების საზოგადოებისათვის დამახინჯებულად მიწოდებას ცდილობდა, ამ კამპანიის მხოლოდ ნაწილია. მოსალოდნელია, მსგავსი ხასიათის დეზინფორმაციული სიუჟეტების კვლავ მომზადება და გავრცელება.

მოვუწოდებთ პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედ მედიასაშუალებებს, დაფიქრდნენ საკუთარი ვიწროპარტიული ნარატივის გასამყარებლად პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანების შეურაცხყოფისა და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინსტიტუციების დისკრედიტაციის ეთიკურობასა და მიზანშეწონილობაზე. მსგავსი ქმედებები აზარალებს მთელ ქვეყანას, მის მოქალაქეებს და ძირითად სახელმწიფო ინსტიტუტებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.