თავდაცვის მინისტრმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
თავდაცვის მინისტრმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ტამიშის გმირების პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მისი მოადგილეები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ვლადიმერ იმნაძე და ბრძოლაში მონაწილე ვეტერანები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, დილის 05:00 საათზე, აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგე ძალებმა საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, ქართულმა მხარემ 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს და პოზიციები შეინარჩუნეს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.