თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თურქეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თურქეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის და ახალ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოკტენდურალს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ილჰან ოკტენდურალს თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თურქეთის მტკიცე, თანმიმდევრული მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მეზობელი ქვეყნის უდიდეს წვლილზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში  სხვადასხვა, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, სამხედრო მრეწველობის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები და 2024 წელს თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები მიმოიხილეს.

თავდაცვის სამინისტროში თურქ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს.